logo
ENG



ვაშაძე სააკაშვილზე: უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და არ უნდა ვაცხობდეთ სიურპრიზებს

05 მარ 202115:54
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე სააკაშვილზე: უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და არ უნდა ვაცხობდეთ სიურპრიზებს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს თანმიმდევრული და სხვადასხვა პოზიციებს არ უნდა აჟღერებდეს

როგორც ვაშაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი განაცხადა, სტრატეგია აღმაშენებელი აზრის შეცვლას ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არ აპირებს. მისივე თქმით, "ქვეყანას სჭირდება შეთანხმება და მძიმე კრიზისიდან გამოსვლა".

"შარლ მიშელთან შეხვედრის დროს იყო საუბარი მძიმე რეგიონალურ კრიზისზე, რომელიც გვიახლოვდება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს აბსოლუტურად ყველას. შესაბამისად სტრატეგია აღმაშენებელს რაც აქვს გაცხადებული, იმის უკან წაღებას არ აპირებს. ნაკლებად მაინტერესებს სხვა პარტიის წარმომადგენლები რას ამბობენ, რა თქმა უნდა ვუსმენ ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენ გადაწყვეტილებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას ისინი თვითონ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ და რაზე არიან მზად",- ამბობს ვაშაძე. 

რაც შეეხება უშუალოდ პლებისციტს, ვაშაძე აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზად მათ შორის პლებისციტსაც განიხილავენ. 

"ნამდვილად არ შევირცხვენთ პირს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და არ დავიწყებთ პოზიციების ცვლილებას. ამასთან, მინდა ბევრ პოლიტიკოსს და საზოგადოებას მივმართო, რომ რაღაც ილუზიებში ნუ ჩავარდებით, რომ ახლა ის სიტუაციაა, რომ ყველაფერი რაც გვინდა, ამის დაკმაყოფილებაში დაგვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ამით რაღაცას მივაღწევთ. პირველი - საქართველოშია მოსაპოვებელი გამარჯვება და არა საქართველოს ფარგლებს გარეთ მხოლოდ. დასავლურ ფლანგზე ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ბოლო პერიოდში, რომ ჩვენი პოზიციები გამყარებულიყო. არ ვაპირებ, რომ ეს პოზიციები დაგვეკარგოს. ჩემთვის დასავლეთის მხარდაჭერა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ყოველთვის მოვისმენ მათ მოსაზრებებს. არ მექნება პოზიციები, რომ დღეს ერთი მინდა, ხვალ მეორე მინდა, რომ უნდობლობა გავაჩინო მათ თვალში...

იმისთვის რომ გვესაუბრებოდნენ და ჩვენთან პარტნიორობას აზრი ჰქონდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და არ უნდა ვაცხობდეთ სიურპრიზებს და სხვადასხვა პოზიციებს არ უნდა ვაჟღერებდეთ ამ სიტუაციაში", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პლებისციტის ჩატარების პერიოდში ეცდება "ქვეყნიდან გაყაროს" ასობით ათასი აქტიური ამომრჩეველი და ამით დამატებითი უპირატესობა შეიქმნას.

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.

 

close დახურვა